საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. გუშინ ღამით ინფიცირების კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი ბათუმში, მეორე კი ზუგდიდში. ორივე შემთხვევა თურქეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19, 70 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 2 დღის წინ მოათავსეს. ის ქალაქში 20 მარტს ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მეორე პაციენტი, რომელიც ბათუმის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, ახალგაზრდა მამაკაცია. ის ქვეყანაში თურქეთიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გადმოვიდა და საზღვრიდან პირდაპირ კარანტინში, საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს, შემდგომ კი ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 77 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 10 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.